მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა | RSSშაბათი, 2024-05-18, 3:52 PM

KLASI.UCOZ.NET

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
Forum » განათლება » თემები და რეფერატები » ნარკომანია
ნარკომანია
Ekseთარიღი: კვირა, 2009-03-08, 11:38 AM | შეტყობინება # 1
Class Leader
ჯგუფი: პატრული
შეტყობინებები: 80
რეპუტაცია: 0
სტატუსი: გასული
არავინ იცის, პირველად ვინ მოიხმარა ნარკოტიკი, თუმცა ამ მოქმედებამ კაცობრიობა დიდი პრობლემის წინაშე დააყენა. ადამიანები ყოველთვის ცდილობდნენ პრობლემებისა და სატკივარისგან თავის დაღწევას, ამისათვის კი მუდმივად იყვნენ ისეთი ნივთიერებებისა და მცენარეების ძიებაში, რაც მათ ზედმეტი საფიქრალისგან გაათავისუფლებდა. მეცნიერულმა პროგრესმა კიდევ უფრო გაზარდა ნარკოტიკების მოხმარების დონე. მთელს მსოფლიოში გავრცელდა სენი, რომელიც მანამდე დედამიწის ცალკეული რეგიონების ლოკალურ პრობლემად ითვლებოდა. ამ სენს ნარკომანია ჰქვია, დაავადებულებს კი ნარკომანები და გულისხმობს მათ, ვისაც არ შეუძლია ცხოვრება ამა თუ იმ ნარკოტიკის გარეშე.
რა არის ნარკომანია: სენი თუ დამოკიდებულება, დამოკიდებულება უარყოფითი თვისებებისადმი - თავისთავად სენია, ნარკოტიკებისაკენ მიდრეკილება კი - ადამიანის ის საგანგაშო თვისებაა, რომელსაც ის დაღუპვამდე მიჰყავს. კაცობრიობა მივიდა იმ აზრამდე, რომ ნარკომანია ავადმყოფობაა.
საზოგადოების დამოკიდებულება ნარკომანის მიმართ არაერთგვაროვანია. ადამიანები აგრესიულად გადმოსცემენ თავიანთ მიდგომას ან საერთოდ გაურბიან ამ პრობლემაზე საუბარს. უმეტეს წილად, არავის სურს ნარკომანთან ურთიერთობა, მასთან საქმიანი ურთერთობის დაჭერა. სრულიად ბუნებრივია მშობლის მოქმედებაც, რომელიც შვილს ნარკომანთან მეგობრობას უკრძალავს იმის შიშით, რომ იგი მასზე ცუდ გავლენას მოახდენს. გასაგებია ეს პოზიცია _ გასაგები, მაგრამ საგანგაშო. საზოგადოების დიდ ნაწილს არ ესმის, რომ ნარკომანია არა არის ერთი კონკრეტული პირის პრობლემა. ეს საერთო სატკივარია. საზოგადოება ინდივიდებისაგან შედგება და თითოეული მათგანის მდგომარეობასა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელია არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტული პიროვნება, არამედ მთლიანად ის საზოგადოებაც, რომლის ნაწილიც ის არის. ერთობლივად უნდა შეიქმნას კეთილსასურველი გარემო ამ პრობლემის გადასაჭრელად. მხოლოდ ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბების შემდეგ არის შესაძლებელი ნარკომანის რეაბილიტაციაზე საუბარი.
მიუხედავად მრავალგერადი გაფრთხილებისა მას-მედიის საშუალებებით, ახალგაზრდები მაინც მიილტვიან ნარკოტიკებისკენ.
რა აღძრავს ამ ლტოლვას: ჩვენს საზოგადოებაში ჩამოყალიბებული მახინჯი ძველბიჭური აზროვნება, ,,აკრძალული ხილის” ერთხელ გასინჯვის სურვილი თუ სხვა მიზეზები? მიზეზი ინდივიდუალურია და ხშირად ბანალურიც. ნარკომანთა უმეტესობას არც ახსოვს, რატომ გასინჯა პირველად ნარკოტიკი. მიუხედავად ამისა, შეიძლება რამდენიმე მიზეზის დასახელება: ქუჩურ-ქურდული მენტალიტეტი, პრობლემებისაგან თავის დაღწევის სურვილი, საგანმანათლებლო დაწესებულებებში არასაკმარისი ინფორმაციის არსებობა ნარკომანიაზე, მის შემდგომ გართულებებზე და ა.შ.
საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში უდიდესი როლი აკისრია იმ ფაქტორს, თუ ინტელექტუალური განვითარების რა დონეზეა ის საზოგადოება, რომლის წევრიც არის ნარკომანი. მნიშვნელოვანია აგრეთვე სამართლებრივი სტაბილურობის დონე. ყოვლად დაუშვებელია ნარკოტიკების ლეგალიზაციის მოთხოვნა თავისუფლების განვრცობის მოტივით. ამ მოთხოვნის უკან ყოველთვის დგას კონკრეტულ პირთა ფინანსური ინტერესები და არავითარ შემთხვევაში, არ ისახავს მიზნად ადამიანის თავისუფლების დაცვას.
არანაკლებ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლი ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც მკაცრი სანქციების დაწესებით ცდილობს საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას, თუმცა მხოლოდ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესებით ამ პრობლემის მოგვარება შეუძლებელია. სახელმწიფოს თანაბრად ევალება ებრძოლოს ნარკოტიკულ დანაშაულს და ნარკომანიას, როგორც დაავადებას.

ნარკომანია საქართველოში :

ნარკოტიკული ნივთიერებების შემოტანა და გავრცელება საქართველოში დღეისათვის ერთ-ერთი გადაუჭრელი პრობლემაა. განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ სხვადასხვა ნარკოტიკულ საშუალებას, სამწუხაროდ, მოზარდებიც მოიხმარენ…

ნარკოტიკებს უწოდებენ ნებისმიერ ქიმიურად აქტიურ ნივთიერებას, რომელიც სპეციფიურ გავლენას ახდენს ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. ნარკოტიკებს იყენებენ იმ სასიამოვნო შეგრძნებების გამო, რომლებიც მიღებისთანავე იჩენს თავს: ადამიანი დგება კარგ ხასიათზე, აქვს სასიამოვნო შეგრძნებები, დადებითი ემოციები, ხდება უფრო აქტიური, არ გრძნობს დაღლილობას, აქვს ხილვები. ეს ეფექტები ე.წ. კაიფი, ხანმოკლეა და შემდეგ იწყება გამოსვლის ფაზა, რასაც შემდეგი მოვლენები აღენიშნება: გახშირებული ან შენელებული გულისცემა და სუნთქვა, მომატებული წნევა, ოფლიანობა, მომეტებული სხეულის ტემპერატურა, თავის ტკივილი, უძილობა, თავბრუსხვევა, გულისრევა, პირის სიმშრალე, ხელების კანკალი, წონასწორობის დარღვევა. ნარკოტიკების მიჩვევა იწვევს შემდეგს: ძლიერი ტკივილები, უძილობა, ძლიერი გადაღლა, უსაფუძვლო შიშები და შფოთვა, უმადობა, კუჭნაწლავის აშლილობა, მხედველობითი და სმენითი ჰალუცინაციები, ნარკოტიკების მტანჯველი სურვილი. ნარკოტიკები ანგრევს ადამიანის ორგანიზმს: ტვინს და ნერვულ სისტემას, გულ-ღვიძლს, საჭმლის მომნელებელ სისტემას, ძვლის ტვინს, სასქესო ორგანოებს, იკარგება ცხოვრების ინტერესები, ექვემდებარები ნარკოტიკს. ამ დაავადებისაგან განთავისუფლება ძალიან ძნელია და იშვიათად, რომ ვინმემ შეძლოს. ხდება პიროვნების დეგრადაცია, შეიძლება განვითარდეს პარანოია, ფსიქოზი… ნარკოტიკი ამცირებს ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას: ნარკომანი კრიმინალურ გარემოცვაში ტრიალებს, მისი სიცოცხლე მუდამ საფრთხეშია, მაღალია აივ ინფიცირების რისკი, არსებობს ზედოზირების საშიშროება, რაც ძალიან ხშირად იწვევს სიკვდილს. ახლა თქვენ თვითონ განსაჯეთ ღირს კი იმ მოკლევადიანი მცირე სიამოვნებისათვის ასეთი სასჯელი? არსებობენ ადამიანები, რომლებიც ადრე ჩაითრია ამ საშინელებამ და ახლა თავს ვეღარ შველის. გთავაზობთ მის მონათხრობს (მისივე თხოვნით ვინაობა ანონიმურია)

_ როდის დაიწყე ნარკოტიკების მიღება?

_ ცხრამეტი წლის ვიყავი, როცა ამხანაგები დასასვენებლად წავედით ქობულეთში. კარგად ვერთობოდით. ერთ დღეს ჩემმა ამხანაგმა პლაჟზე საკმაოდ დიდი რაოდენობის თანხა იპოვნა. რა თქმა უნდა, გაგვიხარდა, მაგრამ ეს სიხარული ახლა ჯოჯოხეთურად მახსენდება. დიდი რაოდენობის თანხა გართობაში დავხარჯეთ, არც პლანს ვიკლებდით, მაგრამ ერთი ჩვენი ამხანაგი შეგვიჩნდა, მოდით ნარკოტიკს გავჩითავ და ჩვენც გავსინჯოთ, თუ არ მოგვეწონება თავი დავანებოთო. თურმე ის თავიდანვე იღებდა ნარკოტიკებს ჩვენგან მალულად უკვე დიდი ხნის განმავლობაში და ჩვენც “შეგვაჯინა”. ახლა 28 წლის ვარ და ამ დროის განმავლობაში ჩემი ოჯახი და ნათესაობა გავამწარე და მოვიძულე. რაც კი რამ მებადა “ლომკის” მოხსნას მივახარჯე. საკმაოდ მდიდარი ოჯახი გავაღარიბე… რამდანჯერმე ვცადე თავის დანებება და მტანჯველ ტკივილებს ვერ მოვერიე, კინაღამ გავგიჟდი…

_ დახმარებისთვის რომელიმე კლინიკისათვის არ მიგიმართავს?

_ როგორ არა. ერთხელ ვიმკურნალე კიდეც. კლინიკიდან რომ გამოვედი, ნარკოტიკებზე აღარ ვფიქრობდი. სამსახურშიც მიმიღეს და საკმაოდ კარგად ავაწყვე ცხოვრება, მაგრამ ეს ცოტა ხანი გაგრძელდა. მალე ამხანაგებმა ისევ ჩამითრიეს და მეც ვერ გავუძელი ცდუნებას… ახლა უკვე სიამოვნებას ვეღარ ვიღებ ნარკოტიკებისგან, უბრალოდ ტკივილებს ვიყუჩებ…

ნარკოტიკებს უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. საკმარისია, გავიხსენოთ გენიალური მუსიკოსი ბობ მარლი, რომელსაც კიბოს მეტასტაზები მთელს სხეულში ჰქონდა მოდებული. არანორმალურ დოზირების გამო კი ორგანიზმს ბრძოლისუნარიანობა დაქვეითებოდა. სიკვდილის შემდეგ ნარკომან ბობ მარლის “ღირსების ორდენი” მიანიჭეს.

გთავაზობთ ამონარიდს ირაკლი მეფე-ჩარკვიანის წიგნიდან “მშვიდი ცურვა”: “…ჩემი ‘ოხერი’ თაობა, ასე ვუწოდებ მას, ანუ გაგარინელები, გულის სიღრმეში იმით ვამაყობდით, რომ ჩვენი კუმირი ჯიმი ჰენდრიქსი ჰეროინის დიდი დოზისაგან გაიპარა. ამ სიტყვას ვხმარობდით მაშინ და სწორედ ეს ოხერი სიტყვა შეიცავდა ყოველივე იმას, რაც ასე გვიზიდავდა: წარმატებას, ცრემლებს, სიამოვნებას, პროტესტს იმ დამჟავებული რეალობის მიმართ, რომელიც ვასილ პავლეს ძე მჟავანაძემ დაამჯავა, წარბებიანი ბრეჟნევის მითითებით, რა თქმა უნდა. მოკლედ ჩვენ ყველას გაპარვა გვინდოდა, ამიტომ ბევრი გაგარინელი სწორედ რომ გაიპარა; მაშინ ჩვენში ჰეროინი არ შემოდიოდა და ანჰიდრიდის მჟავაც არ არსებობდა, ამიტომ ოპიუმს ყოველგვარი გასუფთავების გარეშე ვიკეთებდით. ეს კი იმის ტოლფასია, რომ ტროტილის ყუმბარა აიფეთქო თავში. თუ გადარჩი შენს შემდგომ მდგომარეობას კაიფი შეიძლება დაერქვას. ანჰიდრიდის აღმოჩენამდე ბევრი ჩვენიანი სწორედ ამ აფეთქების მსხვერპლი გახდა… ჩვენი თაობის ალბათ ორასზე მეტი ბიჭი შეეწირა ნარკოტიკულ აფეთქებას…”

ალბათ ყველას ახსოვს საოცარი, გენიალური მუსიკოსი დავით ოძელაშვილი მეტსახელად “ოძელა”. ის ვირტუოზულად უკრავდა ფლეიტაზე. ამ ინსტრუმენტზე შესრულებისას მნიშვნელოვანია ტუჩებისა და სუნთქვის მართვის ტექნიკის სრულყოფილი ფლობა. დათომ პირის მოძრაობისა და ჩაბერვის საკუთარი ტექნიკა გამოიმუშავა. ისწავლა სუნთქვა ისე, რომ დაკვრისას ბგერა არ წყდება. გარდა ამისა, იოგას ვარჯიშების მეშვეობით შეიმუშავა სუნთქვის ტექნიკა პირდაპირ დიაფრაგმიდან. რაც უდიდესი ნებისყოფის ნაყოფია, მაგრამ ასეთი ნებისყოფის პატრონიც კი უძლური აღმოჩნდა ნარკოტიკების მიმართ და ცდუნებას ვერ გაუძლო.

საქრთველოში ნარკომანიამ ამ ბოლო დროს კატასტროფული მასშტაბები მიიღო. წამალი, რომელიც აკრძალული ხილი იყო, საყოველთაოდ ხელმისაწვდომი გახდა. გაქრა შიშის სინდრომი და ქართველთა მატრაკვეცული ბუნებიდან, მათი წამხედურობიდან გამომდინარე ვისაც არ ეზარება ყველა ნარკოტიკებით გამოთაყვანებული დაეთრევა აქეთ-იქით. ამ უბედურებამ იმდენად ღრმად მოიკიდა ფეხი ქართულ საზოგადოებაში რომ ახლა წამლის გაყიდვაც კი აღარ ითვლება სირცხვილად, რომელიც ე.წ. ქურდული სამყაროს დაუწერელი კანონითაც კი თავის დროზე დიდად სათაკილო საქმედ იყო მიჩნეული.

გლობალიზაციის სიომ როგორც ჩანს ამ სამყაროსაც შეურყია საფუძვლები, მოიხსნა ყოველგვარი ტაბუ, გაღორებული და განარკომანებული ქურდების ადგილი თანამედროვე დამნაშავეებმა დაიკავეს, რომლებიც ფულის გულისთვის წამალს კი არა საკუთარ დედასაც ადვილად გაყიდიან. და წამლავენ ქართველები ერთმანეთს. ვინ იცის, ან ვის აინტერესებს ყოველდღიურად რამდენი ახალგაზრდა იღუპება ნარკოტიკის გადაჭარბებული დოზის მიღების შედეგად. სამწუხაროდ ამ ბოლო დროს ეს სენი გოგოებშიც გავრცელდა და რაც ყველაზე უფრო საგანგაშოა, იოლად გამდიდრების სურვილმა და ელემენტარულმა უნამუსობამ არაერთ ცნობილ ადამიანს დაუბნელა გონება, გასაკუთრებით ე.წ. შოუბიზნესის სფეროში, რომლებმაც თავიანთი ნიჭით მიღებულ შემოსავალს ნარკოტიკების გაყიდვით ნაშოვნი ჭუჭყიანი ფული არჩიეს. შედეგიც სახეზეა-ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით საქრთველო პირველ ადგილზეა მსიოფლიოში ერთ სულ მოსახლეზე ნარკოტიკების მოხმარების რაოდენობით. ამ მონაცემებით 4 მილიონიან საქართველოში დღეისათვის 270 000 ნარკომანია. შედარებისთვის ავღანეთში, რომელიც მთელი მსოფლიოს ჰეროინის 95%-ს აწარმოებს მხოლოდ 170 000 ნარკომანია აღრიცხული. ამას დაუმატეთ რუსეთში, ევროპაში და ამერიკაში გახიზნული ათასობით ქართველი ნარკომანი, რომლებიც ამსტერდამის, პარიზის და ნიუ იორკის ქუჩებში წამალში ალპობენ თავიანთ ახლგაზრდა სიცოცხლეს. ყველაფერ ამას კი თითქმის ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ეგუება ქართული საზოგადოება. ქართველი ერი, მისი ახალგაზრდობა დიდი ხანია გადაშენების წინაშე დგას. ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო, რომელსაც ვერაფერი დააკლო უთვალავი მტრის შემოსევამ თვითგანადგურების ჟინით ატანილი ნარკომანიის ჯოჯოხეთისკენ მიექნება.

ამერიკაში ასე არ არის. მართალია ნარკომანია აქაც, ისევე როგორც დასავლური ცივილიზაციის ნებისმიერ ქვეყანაში თანამდროვეობის ერთ-ერთ ყველაზე უფრო მტკივნეულ პრობლემად რჩება, მაგრამ მას შეძლებისდაგვარად ებრძვიან. ყოველ შემთხვევაში საზოგადოებაში კარგ ტონად ნამდვილად აღარ ითვლება ნარკოტიკის მოხმარება. 70-იანი წლების მიწურულის ნარკოტიკული ბუმი დავიწყებას მიეცა. ამერიკულმა საზოგადოებამ დროზე შეძლო გამოფხიზლება და ახლა მთელი ძალებით იბრძვის ამ სენის წინააღმდეგ. 2001 წლის შემდეგ 23%-ით შემცირდა შეერთებულ შტატებში ნარკოტიკების მოხმარების შემთხვევები მოზარდებში. მიუხედავად ამისა შეერთებული შტატების ნარკოლოგიის ეროვნული ინსტიტუტი შეშფოთებას გამოხატავს იმ გარემოებით რომ სულ უფრო მეტი ახალგაზრდა იყენებს ტრანკვილიზატორებს და ექიმის რეცეპტით გამოწერილ წამლებს, მათ შორის ხველების საწინააღმდეგო სიროპს, როგორც ნარკოტიკულ საშუალებას. ამერიკელი ნარკოლოგის დან ფრანზის განცხადებით:” მოზარდები იმ რაოდენობით მოიხმარენ ამ პრეპარატს რომ კოკაინის და უფრო ძლიერი ნარკოტიკების ეფექტის მიღწევა შეუძლიათ.”

ეს კი ძალზე სახიფათოა მოზარდის ჯანმრთელობისათვის და ზოგჯერ შესაძლოა სიკვდილიც კი გამოიწვიოს. მოზარდებში ნარკომანიის გავრცელების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში აქტიურად არიან ჩართული ამერიკელი მშობლებიც, რადგან თუ მთელმა საზოგადოებამ არ გამოიჩინა დაინტერესება ამ პრობლემის მიმართ, მარტო სამართალდამცავების ძალისხმევით მისი გადაჭრა შეუძლებელია, თუ იმასაც გავითვალისწინებთ რომ ისინიც ხშირად სცოდავენ, როცა საქმე ფულს და ნარკოტიკებს ეხება.

არსებობს ბევრი მითი ნარკომანიასთან დაკავშირებით:

მითი: ვინც წამალს იკეთებს ის “კაი ტიპია”
ფაქტი: თუ ეს ადამიანი “კაი ტიპი” ოდესმე იყო, უკვე აღარ არის, რადგან ის ნარკოტიკებმა შეცვალეს.
მითი: ნარკოტიკი ადამიანს ათავისუფლებს.
ფაქტი: ნარკომანი მართლაც თავისუფალია ცხოვრების ყველა სიამოვნებისაგან.
მითი: ყოველთვის შეიძლება ნარკოტიკებზე უარის თქმა.
ფაქტი: ნარკოტიკებზე უარის თქმა მხოლოდ ერთხელ შეიძლება _ პირველად!


Every Day Create Your History...
 
Forum » განათლება » თემები და რეფერატები » ნარკომანია
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:


Copyright MyCorp © 2024
Create a free website with uCoz